სალომე ზურაბიშვილი: ქართული ღვინო მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან

ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის, ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.
“ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა ტადაში შიმურამ.
ღვინის ექსპერტი კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ იაპონია დაინტერესებულია, საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით გაამდიდროს.
“იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა იუნესკო-ს მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად“, – განმარტა კენინი ოოჰაშიმ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები