ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო: საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ საკითხი მოაგვარა

0

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს შეუძლიათ, ოთხშაბათის რეისს დაელოდონ ან სხვა ავიაკომპანიის საშუალებით გამოფრინდნენ, რომლის ბილეთის ღირებულებაც აუნაზღაურდებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ავრცელებს.

“20 ოქტომბერს, დილით უნდა განხორციელებულიყო ბარსელონა-თბილისის რეისი, მაგრამ ქართულმა ავიახაზებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის გამო, არ არსებობდა თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტია. თბილისიდან რეისი ბარსელონას მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, არც ბარსელონადან თბილისის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას აეროპორტში დარჩენილ მოქალაქეებს ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოსთვის არ მიუმართავთ, საკონსულო ფლობს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობამ მოაგვარა საკითხი და ამ ეტაპზე, აეროპორტში რჩება 10-მდე ადამიანი (მათ შორის სომხეთის მოქალაქეები). ადგილზე ქართული ავიახაზების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც, მათი თქმით, თანხის გარეშე არიან, ქართული ავიახაზები თავად შეუძენს ბილეთს. მოქალაქეებს ადგილზე მოინახულებს საქართველოს გენერალური კონსული,“ – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას აეროპორტიდან თბილისში დაბრუნებას რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი