აქცია შაქშაქეთის ბლოკსაგუშაგოსთან – მოძრაობა “შეცვალე” ატოცში სადემარკაციო სამუშაოებს აპროტესტებს
საზადოებრივი მოძრაობა “შეცვალეს” 40-მდე წევრი შაქშაქეთის ბლოკსაგუშაგოსთან რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ატოცთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან გუშინ განახლებულ სადემარკაციო სამუშაოებს აპროტესტებს. გარდა მოძრაობის წევრებისა, შაქშაქეთის პოსტთან “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შაქშაქეთის პოლიციის ბლოკპოსტთან დარჩებიან მანამ, სანამ სამართალდამცველები ატოცის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
“უკვე ერთი საათია ვდგავართ შაქშაქეთის ბლოკსაგუშაგოსთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაგვიშვან ე.წ სასაზღვრო ზოლთან, რათა ადგილზე ვნახოთ რუსი ოკუპანტების უკანონო საქმიანობის შედეგი. ჩვენ არ ვარღვევთ კანონს. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, თუმცა შსს ამის საშულებას არ გვაძლევს. დავუკავშირდით შსს-ის პრესსამსახურს და განგვიცხადეს, რომ რიგითი მოქალაქეების საოკუპაციო ზოლისკენ გაშვება არ გაშვების საკითხს ისინი არ წყვეტენ. ახლა ველოდებით ადგილზე რას გადაწყვეტს ადგილობრივი პოლიცია”, – განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გუშინ განაახლეს. დღეს კი ადგილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სამუშაოები არ დაუწყიათ, თუმცა გავლებულიმავტულხლართების მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრულირებენ.
სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 თვის წინ დაამონტაჟეს, გუშინ კი მავთულხლართების გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.