გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა. ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, ინტერნეტ საზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, ორ ეტაპად ხორციელდება. პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მოსახლე.
პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა. მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში 120 აბონენტია ჩართული. ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა უკვე მზადაა.
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამ მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროექტს შორისაა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.