ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო – ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და გამოვიყენებთ ყველა საშუალებას დეოკუპაციის მისაღწევად

0

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს დეოკუპაციის მისაღწევად.

“ჩვენ გვაქვს ორი გზა. ან სამხედრო მოქმედებით უნდა განვდევნოთ ოკუპანტი ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი იმისთვის, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას. ჩვენ ვამბობთ, რომ ომი ისეთ მეზობელთან როგორიც რუსეთია და რომლის შესაძლებლობებიც ძალიან დიდია, მიუღებელია, იმის გამოც, რომ ცხინვალშიც და აფხაზეთშიც ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ . ჩვენ მეორე გზას ვირჩევთ. ყველა ფორმატს ვიყენებთ დაწყებული ჟენევიდან დამთავრებული ადგილზე ორმხრივი, სამმხრივი ურთიერთობით, რომლის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ. ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას”,- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილით განაახლეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

კომენტარები

კომენტარი