ილია ელოშვილი: გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მოსახლეობას რა ზიანიც მიადგა, ანაზღაურებული იქნება

„ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე მაქსიმალურად გვქონდეს სურათი, რამდენად უსაფრთხოა შენობა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, გამგეობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამიშვილის გამზირზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სამომავლოდ ყველას გაეწევა დახმარება და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება.
„დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ერთი მძიმედაა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, 77 ოჯახია ამ კორპუსში, ყველა ევაკუირებულია, გამგეობა მზადაა, დაჯავშნილია სასტუმროები, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა სურვილი და გადაყვანილია სასტუმროებში. რაც შეეხება შენობას, ჩვენი ლაბორატორიის მიერ მდგრადობაზე შემოწმება მიმდინარეობს. ამ პროცესში ასევე ჩაერთვება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოსახლეობას ვაცნობებთ, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგარდობაზე და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. როგორც კი ლაბორატორია იტყვის, რომ უსაფრთხოა ამ კორპუსში როგორც შესვლა, ასევე ცხოვრება, ამ შემთხვევაში მოხდება მცხოვრებლების დაშვება იმისთვის, რომ ან პირადი ნივთები გამოიტანონ, ან გააგრძელონ ცხოვრება.
​სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება. აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა, ასევე გავლენა იქონია წინა სახლზე, ძირითადად, ქვედა სართულებია დაზიანებული“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები