მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების” (მგვ) შესახებ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკური რეგლამენტების პროექტებს და მათზე დაკისრებულ სამომავლო ვალდებულებებს გაცნობოდნენ.

ტექნიკური რეგლამენტების პროექტები შეფუთვის ნარჩენების, ზეთების, აკუმულატორებისა და ბატარეების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, ელექტრონული მოწყობილობების და საბურავების ნარჩენების მართვას მოიცავს და მწარმოებლებისათვის ეროვნული რეესტრის შემუშავებას ისახავს მიზნად.

“მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულება არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი იქნებიან როგორც ნარჩენებზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ, ასევე, ამ ნარჩენების მართვის ფინანსურ უზრუნველყოფაზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაშიც ევროკავშირი საქართველოს აქტიურად ეხმარება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, აღდგენის, რეციკლირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობა. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ნარჩენების მონაცემთა ბაზისა და რეესტრის შექმნას.

ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა დაგეგმილია როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ისე ყველა დაინტერესებულ ბიზნესჯგუფთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები