არჩილ თალაკვაძე: დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას

0

“25 წელზე მეტია, რაც ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “იუესეიდის” ახალი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. ​

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საქართველო შეძლებს უფრო ევროპულ და უფრო სტაბილურ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლას.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ წელიწადში არის უკვე საპარლამენტო არჩევნები და შესაბამისად, პრიორიტეტები, რომლებიც აქვს ამერიკის საელჩოს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ბუნებრივია, მორგებულია ამ საკითხებზე. არის საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ ადგილობრივი არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გამოყოფს რესურს და მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმებსა და საარჩევნო არჩევითი დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.
​საქართველო აძლიერებს საარჩევნო დემოკრატიას. ჩვენ გვსურს სტაბილური პოლიტიკური სისტემა, ვინაიდან გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება და ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას არჩევნებში. 2020 წლის არჩევნებში, რა თქმა უნდა, მთავარი სიტყვა ეთქმის ჩვენს საზოგადოებას. საპარლამენტო ნაწილზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, პარლამენტს ექნება გახსნილი თანამშრომლობა და აქვს უკვე, თქვენ ხედავთ, რომ გახსნილი დიალოგი მიდის. ამ პროცესში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა მხარემ, არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ. იცით, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს სჭირდება ასევე ოპოზიციის მხარდაჭერაც და შეთანხმება, რომელზეც ამ მომენტშიც მიმდინარეობს მუშაობა. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას.
გვსურს, რომ იყოს მეტი პროფესიული დისკუსია ნაკლები პიროვნული დაპირისპირება. იმედი მაქვს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საქართველო შეძლებს უფრო ევროპულ და უფრო სტაბილურ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“იუესეიდი” საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.

პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით “ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა” სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” იმართება.

კომენტარები

კომენტარი