ლარის გასაჭირი – რა კავშირშია გაცვლით კურსთან რეფინანსირების სესხები

2014 წლიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა თითქმის 65-70 %-ით გაუფასურდა. ლარის გაუფასურება განსაკუთრებით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაჩქარდა. მარტში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 2.5 -2.65 ლარი ღირდა. კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დღეს 1 აშშ დოლარი თითქმის 3 ლარი ღირს.

ლარის ამგვარ გაუფასურებას ოფიციალური პირები საგარეო შოკებს და ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებენ. მათი განცხადებით ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული ვიდრე ამის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პარამეტრები იძლევა. ლარის გაუფასურების მიზეზად შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ახალი რეგულაციებიც სახელდება, რომლებიც ხელისუფლებამ გასულ და მიმდინარე წელს აამოქმედა.

თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ლარის არასტაბილურობის მთავარი მიზეზი მაინც ეროვნული ბანკი და მის მიერ კომერციულ ბანკებთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკაა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ამის საილუსტრაციოდ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების აუქციონზე კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების სტატისტიკა მოჰყავს.

როგორც ამ სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ეროვნული ბაკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 23 მილიონ 420 ათასი ლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს ფული ბანკებს საკუთარი ლიკვიდობის სამართავად სჭირდებათ. თუმცა როგორც ბაირახტარი აცხადებს, კომერციული ბანკები ამ ამოცანას თავს ეროვნული ბანკის გარეშეც გაართმევენ. მისი თქმით, ეს ფული ბაზარზე ხვდება და ლარის ჭარბი მასა ეროვნული ვალუტის გაუფასურების იწვევს. ბაირახტარი დარწმუნებულია, რომ თუ ეროვნული ბანკი ამ პრაქტიკას აღარ გააგრძელებს ლარის გაცვლითი კურსი მეტნაკლებად დასტაბილურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები