დავით ბაქრაძე: მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ყველანაირად პრობლემებს უქმნის, რომ ვალდებულებები ვერ შეასრულოს

მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ყველანაირად პრობლემებს უქმნის, რომ ვალდებულებები ვერ შეასრულოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს.

“ერთი ხელით მთავრობა ყველანაირად პრობლემებს უქმნის, რომ ანაკლიის კონსორციუმი არ იყოს წარმატებული და ვერ შეასრულოს ვალდებულებები, ახლა ცდილობს, მეორე ხელით ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, განსაჯოს შეასრულა თუ ვერა კონსორციუმმა ვალდებულებები.

გაგვიკვირდება, რომ შეასრულოს ვალდებულებები იმ პირობებში, როდესაც ამ კონსორციუმის ორი მთავარი დამფუძნებელი იმყოფება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, როდესაც ის დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკელმა ინვესტორმა, როდესაც კონსორციუმში მოყვანილი ახალი ინვესტორები დაიწუნა ხელისუფლებამ და მინისტრმა, რომელიც დღეს არბიტრის სახით გამოდის. ასეთ პირობებში, როცა მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, როცა მთავრობა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულოს. ეს იქნება მთავრობის ბრალი და არა, კონსორციუმის“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები