ნინო წილოსანი: ჩვენი ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა დამსაქმებლის შესაძლებლობებს რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს

ჩვენი ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანი უნდა იყოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ბიზნესის შესაძლებლობების გათვალისწინება.

“საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც პარლამენტმა იმუშავა, მიმართულია დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისკენ და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. თუმცა, ცვლილებების მიზანი უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, ბიზნესის შესაძლებლობების გათვალისწინება.

ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე გვიწევს, რომ საკმაოდ სუსტი ეკონომიკა შესაბამისობაში მოვიყვანოთ და გავუთანაბროთ ძალიან კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც, თავის მხრივ, პასუხობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
კანონმდებლობის დახვეწის პროცესში არ უნდა გამოგვეპაროს ბიზნესის საჭიროებები და რეგულაციები არ უნდა გულისხმობდეს ხისტ ჩარევას.

ვფიქრობ, მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არის რესურსი, რომ დეკრეტული შვებულების, შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დარეგულირდეს და შედგეს ბიზნესთან კონსენსუსი“. – აცხადებს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, “შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი, ეკონომიკის განვითარების დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები