ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების ინიციატივის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული გადასახდელისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და ამ მიზეზის გამო 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ.

“ცალმხრივად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან რეგულაციები, რომლებიც ეხება ტაქსის მძღოლების სალიცენზიო პირობების შემოღებას, ზოგადად იმ რეგულაციების მოწესრიგებას, რომელიც თავიდან ბოლომდე არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის, არამედ ზოგადად თბილისისა და საქართველოს საზოგადოებისთვის იქნება კომფორტული, ცალსახად მისასალმებელია. ამ რეგულაციების დროს თუ რაიმე ტიპის გადაცდენა მოახდინა რამდენიმე ადამიანმა, ბუნებრივია, არ ვართ ჩასაფრების პოლიტიკაში და გვინდა, მაქსიმალურად ნებაყოფლობით ყველამ მოახდინოს რეგულაციებზე დაქვემდებარება. რაც შეეხება ოპოზიციის განმარტებებს, მათ არც ის მოსწონთ, რომ ეს რეგულაციები დაწესდა, არც ის, რომ მძღოლები რაიმე ტიპის გადასახადს იხდიან და ახლა არც ის მოსწონთ, რომ ჩვენ აღარ ვახდევინებთ იმ ტიპის გადასახადს, რომლებიც მათ თავის დროზე არ მოსწონდათ“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმებულია – 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი. კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, 515 პირს 100 ლარის, ხოლო 192 პირს – 200 ლარის გადახდა აღარ მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები