ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ არაკვალიფიციური ხალხი მივიდა გასაუბრებაზე. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატებისთვის ეს პროცესი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იყო გარკვეული შეკითხვები, რომლებზეც ჩვენ ველოდებოდით პასუხებს, მაგრამ ისინი ვერ მივიღეთ. თუმცა, ძალიან საფრთხილოა და ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ არაკვალიფიციური ხალხი მოვიდა გასაუბრებაზე. კანდიდატებისთვის ეს პროცესი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა. არ არის მარტივი და კომფორტის შექმნისთვის ჩვენ იქ არავინ მოგვყავს. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი. კანდიდატებს შორის არის ბევრი ღირსეული, კვალიფიციური კადრი და, ზოგადად, სასამართლოს სისტემაში არის ბევრი ღირსეული კადრი, რომელთა გადაწყვეტილებებს იურისტები იყენებენ, უთითებენ, როგორც სამაგალითოს. შესაბამისად, იმის სათქმელად, რომ არაკვალიფიციური კადრები მოდიან, ჩვენ ობიექტური საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია. ასევე, იყო საბოტაჟის მოწყობის, პროცესის ჩაშლის მცდელობა.

“ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, სახელმწიფოს ინტერესების საზიანო მოქმედება. ყველა ვთანხმდებით, რომ სწორედ სახელმწიფოს ინტერესია მოსამართლეების შერჩევის პროცესი გახსნილად და გამჭვირვალედ წარიმართოს. თუკი ვინმე ცდილობს, ცინიკური, არაკორექტული, არაეთიკური მიმართვებით, პროცესი ჩაშალოს, ის სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგება. სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებთ“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები