საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც საკმაოდ ამბიციურია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც საკმაოდ ამბიციურია, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენს რეგიონში შეინიშნება კლებადი ტენდენცია, თუმცა, ვფიქრობთ შესაძლებელი იქნება ამ ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც არის დაფუძნებული იმ საფინანსო რესურსის გაანგარიშება, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტში”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რასაც ბიუჯეტი ითვალისწინებს ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა.

“ჩვენ მომდევნო წელსაც ვინარჩუნებთ დეფიციტის დაბალ მაჩვენებელს და ეს არის 2,7%. ამ პირობებში ჩვენი მიზანი იყო, რომ არ შეგვემცირებინა კაპიტალური დანახარჯები”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, სოციალური სისტემის გაუმჯობესების კუთხით 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სოციალური გასაცემლები ხოლო, 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა და მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა პენსია, რაზედაც დამატებით 300 მლნ ლარი მიიმართება. მომხსენებლის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ყველა სამედიცინო სერვისზე განხორციელდება განფასება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოქალაქეების მიერ თანაგადახდის მოცულობებს. პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ, 2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით;

მომხსენებლის განმარტებით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ განათლების სისტემისკენ საკმაოდ დიდი რესურსი, 1.8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართოს.

“წელს, 1 ოქტომბრიდან მოხდა მასწავლებლების ხელფასების მატება 150 ლარით, მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან დაგეგმილია კიდევ 150 ლარიანი მატება. გარდა ამისა, ის 75 მლნ. ლარი, რომელიც დავამატეთ ბიუჯეტში წელს, მასწავლებელთა ჯილდოების გასაცემად, რჩება სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წელს საშუალოდ მასწავლებლის ხელფასი იქნება 400 ლარით მეტი, ვიდრე ეს იყო 2019 წელს”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რისთვისაც 1.0 მლრდ ლარზე მეტია განსაზღვრული.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, შენარჩუნებულია 3.7 მლრდ ლარზე მეტი. ასევე, შენარჩუნებულია პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საითკენაც 2020 წელს 240 მლნ ლარზე მეტი მიიმართება.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 14 040.0 მლნ ლარით ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 14 211.9 მლნ ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

· ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 378.6 მლნ ლარით და შეადგენს 4 347.0 მლნ ლარს.

· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

· განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 132.4 მლნ ლარამდე შეადგენს 1 636.0 მლნ ლარს.

· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 364.0 მლნ ლარი.

· საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 93.0 მლნ ლარს;

· იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 203.0 მლნ ლარი;

· თავდაცვის სამინისტროსთვის – 880.0 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდა;

· შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 770.0 მლნ ლარი;

· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 353.0 მლნ ლარს.

· საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 22 მლნ 500 ათასი ლარით და შეადგენს 159.0 მლნ ლარს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, საგარეო მიმართულებით ყველა პრიორიტეტული ხაზი შენარჩუნებულია.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა დაინტერესდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდის საკითხით. „მესმის, რომ ბიუჯეტი ზოგადად შეზღუდულია, თუმცა მომავალში, ხელფასების ზრდა აუცილებლად მიმაჩნია, იმისთვის რომ სტანდარტი კიდევ უფრო გაიზარდოს და არ მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება. გამოსავალის საპოვნელად ვფიქრობ შესაძლებელია რესურსის მოძიება კონკრეტული ნაბიჯებით და ეფექტური დაგეგმვით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური დესპანი ეყოლება – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.

აღნიშნული საკითხით კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ დესპანების შერჩევის პროცესი დროში გახანგრძლივდა.

“საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე განიხილეს და ასევე, მხარი დაუჭირეს „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” რატიფიცირების თაობაზე” ოქმს და “საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები