ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიებზე ყველა ის პრობლემატური თემა განიხილება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია

ჟენევის დისკუსიებზე დღეს ყველა ის პრობლემატური თემა განიხილება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

“დღეს გაიმართება ჟენევის მილაპარაკების მორიგი რაუნდი. იცით, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა გუშინ ჩვენს პარტნიორებთან მთავარ საკითხებზე, რომელსაც ქართული მხარე ამჯერად დააყენებს. ძირითადი თემები, რომელიც წარმოადგენს ჟენევის დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილთა დაბრუნების საკითხი – ეს არის ცენტრალური საკითხები, ამავდროულად, ყველა ის პრობლემატური თემა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში, დაწყებული ჩვენი თანამოქალაქეების დაკავებებიდან, რაც არ არის ახალი პრაქტიკა, დასრულებული ჩორჩანას ირგვლივ შექმნილი სიტუაციით“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრს იმედი აქვს, რომ დისკუსიის ყველა მონაწილე გააცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

“მაქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ ამ რაუნდის ფარგლებში გააცნობიერებს ყველა მონაწილე, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ერთადერთი გადასასვლელი გაიხსნება. ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. ათობით ადამიანი გვიკავშირდება. რა თქმა უნდა, ჟენევის პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ეს დამატებითი შეფერხებები მოიხსნას, რადგან ამ შეზღუდვებით ადამიანების სასიცოცხლო ინტერესები დაზიანებულია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამასთან, ციხელაშვილის თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებაზე საუბარი არ არის.

“არ ვსაუბრობთ საგუშაგოს აღებაზე. იცით, როგორ და რატომ განთავსდა და ლეგიტიმურია საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი პუნქტის განთავსება. მით უფრო, ეს არის კონტროლირებადი ტერიტორია. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ევროკავშირის მისიამ გააკეთა ცალსახა განმარტება ამის თაობაზე და ეს საგუშაგო და პოსტი პირველ რიგში, ემსახურება უსაფრთხოებას და არა რამე ტიპის რისკების წარმოქმნას. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნურად თუ გაუგებრად წარმოქმნილი აჟიოტაჟი და დაძაბულობაც დაცხრება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები