ირაკლი სესიაშვილი: მიხარია, რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი როგორიც “ვაშინგტონ თაიმსია” განსაკუთრებულად პოზიტიურ სტატიას წერს საქართველოზე და ახალ პრემიერზე

“ვაშინგტონ თაიმსში” გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში აფასებს:
“მიხარია, რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი, როგორიც “ვაშინგტონ თაიმსია” განსაკუთრებულად პოზიტიურ და ოპტიმისტურ სტატიას წერს საქართველოზე და ახალ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე. საინტერესო ის არის რომ საქართველოს მომავალს სტატიის ავტორი ხედავს დიდი სახელმწიფოების ინტერესების ჭრილში და მისი თქმით, საგარეო არენაზე გიორგი გახარია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზას, ამას რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე ახერხებს და ეს კურსი მოსახლეობის, ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს სრული მხარდაჭერით სარგებლობს. ზოგადად “ვაშინგტონ თაიმსი” გიორგი გახარიას საგარეო პოლიტიკურ კურს განსაკუთრებულ ყუარადღებას უთმობს და ხაზს უსვამს რომ „მან მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“.

სტატიის ავტორს გიორგი გახარიას არც განვლილი გზა დარჩენია უყურადღებოთ და მას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით კი მისი შსს მინისტრობის დროს ადამიანთა უფლებების დაცვის და გამჭირვალობის კუთხით გატარებულ უწყებრივ რეფორმებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პრემიერმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი კრიზისების ფონზე დაამტკიცა რომ შეუძლია სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდეს და ამ გზაზე მას მომავალში საკუთარი ხალხისა და ასევე აშშ-ს მხარდაჭერაც სჭირდება.

სტატიაში უყურადღებოდ არც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული ოკუპაციის თემა არის დატოვებული და სწორედ არის დანახული მისგან მომდინარე გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკურ ჭრილში. ამის ხაზგასასმელად მოყვანილია პრემიერ მინისტრის ციტატა რომ არა მხოლოდ ქართული მიწა არამედ: „საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული – ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.

ამ სტატიამდე ბევრს გამორჩა მსოფლიო ბანკის შეფასება. 2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიუროკრატიის შეფასებით – მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, კორუფციისაგან თავისუფლებით კი ევროპის საუკეთესო ათეულშია.

მიხარია რომ ევროკავშირის ქვეყნებზე წინ ვართ კორუფციასთან ბრძოლაში, გამჭვირვალობაში. საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი.

ასე პოზიტიურად გვაფასებს მსოფლიო, ნატო, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ინსტიტუტები, ქვეყნის შიგნით კი გვესმის ოპოზიციის მხოლოდ აპოკალიფსური და დესტრუქციული რეალობის დახატვის მცდელობა.
ეს არის ის განსხვავება რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას ჯერ საკუთარი თვალით და მერე მიუკერძოებელი შემფასებლებისგან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ. ობიექტური სურათის დამახინჯება და ძალაუფლებისათვის ამ სიცრუით ბრძოლა ზოგიერთი ოპოზიციის მოძველებული იარაღია და წარსულშიც ამავე სიცრუით ცდილობდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას.

დიახ, როგორ საერთაშორისო დასკვნებში სწორედ არის მოცემული რეალობა, ამ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და ნათელი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებსაც ვხედავთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე, ვსაუბრობთ ღიად, ვღებულობთ კონსტრუქციულ კრიტიკას და ვმუშაობთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ამდაგვარი პროცესი არის უკეთესი და გამარჯვებული საქართველოს საწინდარი“, – წერს სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები