ანა ნაცვლიშვილი: ხვალ ეს კაცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც გახდება, დაუფასდება არა ცოდნა, არამედ მორჩილება ერთი ადამიანის მიმართ

იურისტი ანა ნაცვლიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის შესახებ ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ხვალ შესაძლოა, თადუმაძე სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, ისე რომ დაუფასდება არა ცოდნა, გამოცდილება და მორალური ორიენტირები, არამედ მორჩილება ერთი ადამიანის მიმართ.

“ამასწინათ, მაგისტრანტების მისაღებ გასაუბრებაზე ვიყავი კომისიის წევრი ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მოდიოდნენ ახალგაზრდები, ძალიან სწორი ხედვებით, ღირებულებებით, პროგრესის სუნი და გემო რომ ასდით, ისეთი ხალხი, სამართლის არსი რომ კარგად აქვს გათვითცნობიერებული…

ფიქრობ, რა კარგი კადრია საჯარო სამართლისთვის, ასეთი ხალხი გააჯანსაღებს სწორედ ამ სისტემას! ეკითხები, სად ხედავს თავის თავს და სევდანარევი ხმით გპასუხობს, საჯაროში ვერა, კერძო სამართალში მინდა სპეციალიზაცია. 10 დან 9 ასე გპასუხობს! რატომ ?! იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები კარგად ხედავენ ჩამპალ- ჩამყაყებულ სისტემას საჯარო სფეროში, არც იმის რწმენა აქვთ, რომ იქ შესვლით შიგნიდან რამის შეცვლას შეძლებენ და ესაა მათი გზა: მორალურ განადგურებაზე უარი და საჯარო სფეროსთან არგაკარება.

გაგიკვირდათ? ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ: რა ხალხია სასამართლოში, პროკურატურაში და მიხვდებით, რატომ ფიქრობენ ასე.
დღეს პარლამენტი შალვა თადუმაძეს უსმენს.
ზის სამართლის სტუდენტი და ფიქრობს:
– დიპლომი საეჭვო აქვს,
– მისი მაგარი იურისტობა არავის უნახავს ამ ქვეყანაში ერთი კაცის გარდა,
– პარლამენტს ორი თვის წინ ოფიციალური წერილი მისწერა, რომელშიც, სამართლებრივი მსჯელობის ხარისხს ვინ დარდობს, სამართლის არარსებულ წყაროებზე მიუთითა და პარლამენტი მოატყუა, პასუხი კი არავინ მოსთხოვა!
– მისი პროკურორობის დროს არც ერთი საზოგადოებისთვის ცნობილი და მნიშვნელოვანი საქმე გამოძიებული არ არის, სამაგიეროდ – დახურულია ია კერზაიას მკვლელობის საქმე…
– მისი ერთ-ერთი გამოძიების მთავარი ფიგურანტი – შსს მინისტრი პრემიერად დაინიშნა, მაგრამ ეს რიგით პოლიციელებს დასდევს, ისიც პოზისთვის!
– რაც მთავარი პროკურორია, არავის გვინახავს, არც კონფერენციაზე, არც საჯარო დისკუსიაზე, არც მედიაში! (რა უჭირს, ალბათ ძალიან დაკავებულია)
– ახლა ცოტა სიო მიუბერავს, საჯარო განხილვაზე მოუწევს პასუხები კომიტეტში, მაგრამ დიდი კომფორტი აქვს: აქეთ მასზე გადაფოფრილი დეპუტატები ოცნებიდან, რომლებიც არავის დააჩაგვრინებენ მთავარ პროკურორს! იქეთ – ოპოზიცია, რომელსაც თავის მთავარ პროკურორს- ადეიშვილს შეახსენებს ენამოსწრებულად და ამით “ჩახსნის” მორალური უპირატესობის თემას, დანარჩენი უბრალოდ ტაქტიკაა და სტატისტიკა …
– ხვალ ეს კაცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც გახდება, დაუფასდება არა ცოდნა, გამოცდილება და მორალური ორიენტირები, არამედ მორჩილება, ერთი ადამიანის მიმართ!

აბა ვიფიქროთ, ამას რომ უყურებს 20 წლის ახალგაზრდა ადამიანი, მომავალი იურისტი, რას ეუბნება მას ამით სახელმწიფო (და საზოგადოება) ?!

ეს სივერაგე, რომლის ერთი გამოხატულებაა მხოლოდ მთელი ეს პროცესი, მარტო დღევანდელ დღეს კი არა, ხვალინდელსაც ალპობს, აჭაობებს, ჩვენ კი მხოლოდ ბაყაყის როლს გვთავაზობს ამ ჭაობში….”,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები