ამირან სალუქვაძე: ისეთი ამბავი ატყდა რუსთავში მომხდარი მკვლელობის გამო, თითქოს ძალოვან უწყებებს მართლაც ქურდული სამყარო მართავს

ისეთი ამბავი ატყდა რუსთავში მომხდარი მკვლელობის გამო, ემოციებს რომ აჰყვე, იფიქრებ, რომ მართლა ჩამოიქცა ყველაფერი, თითქოს ძალოვან უწყებებს მართლაც ქურდული სამყარო მართავს, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ხელისუფლების ოპონენტები ყველაფერზე მაღლა აყენებენ.

“ისეთი ამბავი ატყდა რუსთავში მომხდარი მკვლელობის გამო, ემოციებს რომ აჰყვე, იფიქრებ, რომ მართლა ჩამოიქცა ყველაფერი, თითქოს ძალოვან უწყებებს მართლაც ქურდული სამყარო მართავს

შემთხვევა მართლაც მძიმეა, მაგრამ ის სურათი არ იხატება, რისი დახატვის სურვილიცაა.

პირველად არ ვწერ, რომ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები, ყველაფერზე მაღლა აყენებენ.

თავიდან, ფაქტთან დაკავშირებით, ისეთი კომენტარები გაკეთდა, თითქოს არა კონკრეტულმა პოლიციელებმა, არამედ სამინისტრომ შეასრულა კრიმინალური სამყაროს დაკვეთა.

ვიწროპოლიტიკური მიზნები ღირს საიმისოდ, რომ მთელ პოლიციას, ყველა პოლიციელს ჩირქი მოვცხოთ?!

რეალურად რა მოხდა? კრიმინალური ავტორიტეტი თავის ცოლის ძმას, მოქმედ პოლიციელს დახმარებას სთხოვს. ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივი დიდი ალბათობით, ახლო ნათესაური კავშირი იქნებოდა – მკვლელი, ამჟამად მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, სამიდან ერთ-ერთი პოლიციელის დის ქმარი, ანუ სიძეა.

სამთავე პოლიციელი შსს სისტემაში 2009, 2010 და 2012 წლიდან მსახურობენ და ამ ფაქტზე, რატომღაც, ყურადღებაც არავინ ამახვილებს. ხომ შესაძლებელია ისიც ითქვას, რომ სწორედ
წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს მუშაობა და მაშინდელი სისტემის მენტალობა ჰქონდათ, როცა ადამიანების გატაცებები არც ისე იშვიათი მოვლენა იყო?!

ამ მოტივით, შეიძლება რუსთავში მომხდარი მკვლელობა წინა ხელისუფლებას დავაბრალოთ? არა.

თუ არ შეიძლება, მაშინ ზოგიერთთათვის რატომაა მისაღები მთელ უწყებაზე იერიშის მიტანა, თითქოს პოლიცია დღეს კრიმინალის კონტროლის ქვეშაა?!

დღეს, როცა პოლიტიკურად გჭირდებათ, შეტევა მიგაქვთ. ხვალ, თუ დაგჭირდათ, იტყვით “მე მიცავს ჩემი პატრულიო”. რა მოხდა მერე, ფირფიტაა, ხან ერთ გვერდს დავუკრავთ, ხან მეორეს.

მთავარია მოსახლეობის განწყობებზე თამაში. მოსახლეობა ხომ ვერ ერკვევა ნიუანსებში?! ინფორმაცია ისე გავრცელდა თითქოს მკვლელობა პოლიციელებმა ჩაიდინეს. კი, მათ უმძინესი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არ მკვლელობა.

რა პრეტენზიაა პოლიციასთან? საზოგადოებაში ინფორმაციამ გავრცელებაც კი ვერ მოასწრო, 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაითხოვეს სისტემიდან, დაკავებულები არიან. საქმე გახსნილია და ინფორმაციაც საზოგადოებას თავად შსს-მ მიაწოდა.

სხვათაშორის, საკრებულოს დეპუტატზეც ამბობდნენ ვიღაცის ახლობელია და ბრალს არ წაუყენებენო, თუმცა, გუშინ, საავადმყოფოში, ოფიციალურად ბრალის წაყენება მოხდა. დანარჩენი ძიებას და სასამართლოს უნდა მივანდოთ და შევეშვათ იარლიყების მიწებებას, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ.

მოკლედ, პოლიციას, სხვა ძალოვან უწყებებს, მუნდირს, თავს ნუ ვესხმით. თუ იმსახურებენ კრიტიკას, გავაკრიტიკოთ დაბალი ეფეტიანობის ან სხვა მიზეზების გამო, დასაბუთებულად.

ყოველთვის დავიცავ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებს, სპეცსამსახურების თანამშრომლებს, თუ მათზე სისტემური შეტევა იქნება.

ყველაზე წარმატებული ქვეყნების პოლიციის თანამშრომლებმაც შესაძლოა ჩაიდინონ მძიმე დანაშაულები.

პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომელთა პროფესიაა სიცოცხლის საფასურად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა,”- წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, ზურაბ დადეშელის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში, მტკვარმა გამორიყა. წინასწარი ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები