მკვლელობის საქმეზე ძებნილი ჯღარკავას ცოლისძმა პოლიციაში 2009 წლიდან მუშაობდა

რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გატაცების ბრალდებით დაკავებული დავით მიროტაძე, რომელიც ძებნილი ზურაბ ჯღარკავას ცოლისძმაა, 2009 წლიდან პოლიციის თანამშრომელი იყო. ხოლო მეორე დაკავებული დიმიტრი დუღაშვილი 2010 წლიდან მსახურობდა შსს-ს ორგანოებში, უწყებიდან კი 2019 წელს გათავისუფლდა.

ჯღარკავას მოკლულთან, 35 წლის ზურაბ დადეშელთან დიდხნიანი დაპირისპირება ჰქონდა. დადეშელის პოვნაში დახმარება მან სწორედ საკუთარ ცოლისძმას, დავით მიროტაძეს სთხოვა.

თავის მხრივ, მიროტაძემ საქმეში ჩართო დიმიტრი დუღაშვილი და მოქმედი პოლიციელი მიხეილ ღუბიაური.

გამოძიების ინფორმაციით, მათ დადეშელი თბილისის ტერიტორიაზე გაიტაცეს და ანგარიშსწორების მიზნით ზურაბ ჯღარკავას გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი, თანამზრახველთან – გიორგი ასათიანთან ერთად დადეშელი სასტიკი მეთოდებით მოკლა და ცხედარი მტკვარში გადააგდო.

ზურაბ ჯღარკავას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა. ის ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

ასათიანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციელებს და დადეშელის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს კი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად.

ზურაბ დადეშელის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში, მტკვარმა გამორიყა. წინასწარი ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები