“იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება, დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ჩვენი ერისთვის უმნიშვნელოვანესია”

“იუნესკოს მიერ, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, დიდი ისტორიისა და უძველესი დამწერლობის მქონე ჩვენი ერისთვის, – ასე გამოეხმაურა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას თბილისის მერი კახა კალაძე.

მისივე განმარტებით, ეს სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და 1 წლის განმავლობაში დედაქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართება.

“აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველივე ცდაზე მოვიპოვეთ წიგნის დედაქალაქის სტატუსი, რასაც ბევრი ქალაქი ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებს. ეს სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და 1 წლის განმავლობაში დედაქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც თავის მხრივ, ტურისტების რაოდენობას გაზრდის. ეს ნიშნავს ძალიან ბევრ და დიდ ლიტერატურულ ღონისძიებას, ეს ნიშნავს ქალაქისა და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ეს ნიშნავს ათასობით ტურისტს. როდესაც ამსტერდამში გაიმართა ეს ღონისძიება, დაახლოებით 2 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ერთი მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მწერლებისთვის, პოეტებისთვის, მეორე მხრივ ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში და ასევე შესაძლებელი იქნება საქართველოს, თბილისის სახელი გავიტანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანსა და უწყებას მადლობა გადაუხადა.

“ეს არის თბილისის, როგორც განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქის აღიარება და დაფასება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ უწყებას, ვინც ჩართული იყო და ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ იუნესკოს დავესახელებინეთ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად”,- განაცხადა კალაძემ.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.

იუნესკოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პროგრამა მნიშვნელოვან ფართომასშტაბურ აქტივობებს მოიცავს.
ღონისძიებების მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები