არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო

“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე. სხვა პარტიები ამ ცვლილებას მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ითხოვდნენ, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეეძლოთ, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთი წლის წინ, საკონსტიტუციო რეფორმასთან ერთად, ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში, რომ ქვეყანა 20204 წელს გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. შემდგომ, ასევე გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და პროპორციული არჩევნების თარიღად 2020 წელი განისაზღვრება.

“ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ისეთი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც ნაკლები პიროვნული დაპირისპირება და დესტრუქცია იქნება და მეტი თანამშრომლობა და საქმიანი დიალოგი გახდება შესაძლებელი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროპორციული არჩევნების შემდეგ, პარლამენტი იქნება უფრო პლურალისტული და მეტად წარმომადგენლობითი.

“სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ასი პარტია შევა, მაგრამ ეს არ არის სწორი. შევა ალბათ ხუთი, ექვსი, ან შეიძლება შვიდი პოლიტიკური პარტია – ამას მიუთითებს წინა არჩევნების ანალიტიკა. შესაბამისად, პარლამენტი იქნება უფრო მეტად წარმომადგენლობითი და მეტი პოლიტიკური პარტია ჩაერთვება პოლიტიკის კეთების პროცესში არა პარლამენტს გარედან, არამედ პარლამენტში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები