ცაგერის სოფლებში მოსახლეობასთან ღია ტიპის შეხვედრები გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,პარლამენტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ კარლო კოპალიანი,ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა სოფლებში ალპანაში,ნასპერში, ღვირიშსა და უცხერში მოსახლეობას შეხვდნენ, მათგან ამ სოფლებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები მოისმინეს და მიმდინარე და მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები ერთად შეიმუშავეს.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა სოფლებამდე მისასვლელი გზებისა და შიდა სასოფლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემები.

„შეხვედრები მოსახლეობასთან აუცილებლობას წარმოადგენს, ალპანის მოსახლეობას წლებია გვაწუხებს სასმელი წყლის პრობლემა, თითქმის მთელ სოფელს არა გვაქვს წყალი, წლების წინ ჩამოიქცა მთა და გააფუჭა სოფლამდე მომავალი გზის სისტემა,ჩვენი ძალებით ვცადეთ და შედეგი მაინც არ გვაქვს, საჭიროა ხელისუფლების დახმარება, ბალონებით ვეზიდებით სასმელ, ასევე სარეცხისთვის საჭირო წყალს, საკითხი არაერთხელ დავაყენეთ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა ამ დრომდე,იმედია ამ შეხვედრების შემდეგ მაინც გადაწყდება ჩვენი უწყლოობის პრობლემა“-განაცხადა ალპანის მკვიდრმა ლალი ფრუიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გუგავას თქმით,  ხელისუფლებას კონტაქტი მოსახლეობასთან არც არასდროს გაუწყვეტია და კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი თქმით, პრობლემები წლების მანძილზე ბევრი დაგროვდა და მათი ერთი ხელის მოსმით გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ჩვენ შევიმუშავეთ გრაფიკი, თუ როგორ შეგვიძლია ამ პრობლემათა გადაწყვეტა, მოსახლეობასთან ურთიერთობა, ეს წლის მანძილზე გაგრძელდება და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რიტმში იყოს კავშირში ხალხთან და იზრუნოს მათ საჭიროებებზე”, – განაცხადა გუგავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები