ოთარ დანელიამ “წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ “წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის” წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ სამართლებრივ საფუძველს ქმნის. რომელიც მოაწესრიგებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიღების მიზეზია, ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

“აღსანიშნავია, რომ კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობა. ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეზე, რომლებიც ფლობენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას და პირებზე, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას, საინვესტიციო ვალდებულებით”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია იქნება პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განახორციელებს გარკვეულ უფლებამოსილებებს.

დღესდღეობით შპს “საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს წყლის მიწოდებას სათავე ნაგებობიდან მეურნეობამდე, თუმცა 50 000 ფერმერთან მუშაობა უზარმაზარი გამოწვევაა და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება სარწყავი ფართობის ზრდასთან ერთად.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია” გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვას, მოვლა-შენახვას და საირიგაციო მომსახურების გაწევას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა წყალმომხმარებლებისათვის.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. სადაც წარმოდგენილი შენიშვნები კანონპროექტში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები