ლევან გოგიჩაიშვილი: აზარტული თამაშების ბიზნესი პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი, “ქართულ ოცნებას”

“ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით- აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა და პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლების წინაშე ვდგავართ, ასეთ დროს კი პასუხისმგებელი პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი აქვთ და მაინც გულგრილობას იჩენენ, სულ ცოტა მავნებლობას სჩადიან”, – ასე ეხმაურება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგაზეთო ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წევრი და აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონ-პროექტის ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი.

როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გოგიჩაიშვილი ამბობს, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს.

“ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას. ამაში დარწმუნებული ვარ. “შავი სალარო” ის თანხებია, რომლებიც ოფიციალურად არსად აისახება, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულების დასაფინსანსებლად, მათ შორის ინტერნეტროლების, სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობებისთვის და სხვა”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, რეგულაციების დროულად მიღება, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობას დღეს 40%-ით შეამცირებდა.

“ჩვენ, რომ თავის დროზე ეს რეგულაციები მიგვეღო, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 40%-ით იქნებოდა შემცირებული. თუ არ იქნება საზოგადოების სერიოზული ზეწოლა, ეს პრობლემა გადაულახავი დარჩება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის 200-ჯერ არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები