დავით ზალკალიანი: გერმანია ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტის შესახებ განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის.
“ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს- ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის შეთანხმებები, რომელიც კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს იყო მიღწეული, საქართველოში თანდათანობით სრულდება. ჩვენ გერმანიასთან ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაც პოზიტიურია. პოზიტიურია ასევე გერმანიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. კულტურის და განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითია და ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, თბილისში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.