საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმოილერთან ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველო – ნატოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში მიღწეული ყველა წარმატება.
აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივას, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. აღინიშნა, რომ ეს საკითხი საქართველო-ნატოს მომავალი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად ეროვნული არჩევანია.
პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები.
ნამდვილად შესანიშნავი ვიზიტი გვქონდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პრეზიდენტთან შეხვედრა იყო. მან რამდენიმე საკითხი საკმაოდ მკაფიოდ გააჟღერა. ელჩებისათვის განსაკუთრებით საყურადღებო ბორდერიზაციის საკითხი იყო, თუ რამდენად მტკივნეულია ეს ქართველი ხალხისათვის და შემაფერხებელი თავისუფლად გადადგილებაში. უფრო ვრცლად კი, რუსეთი ქვეყანაში აქტივობების სიხშირეს ზრდის. ამ აქტივობების შეწყვეტისთვის ჩვენ საზოგადოებრივი და დიპლომატიური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე ერთობლივად. პრეზიდენტმა, როგორც მას უკვე არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს რათა წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგომარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ატმოსფეროს გაუმჯობესებაში, რასაც ელჩები მიესალმებიან.
პრეზიდენტმა და აქ დამსწრე მინისტრებმა მოისმინეს ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტისადმი, მისი ჩრდილო-ატლანტიკური მომავლისა და ნატოს მიმართულებით, ჩვენი ვალდებულებისადმი განახლდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და გახდეს უფრო არსებითი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ვიხილოთ უფრო მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში.
ასევე უნდა აღვნიშნო, ჩვენი ელჩებისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გზავნილი ქართველი ჯარისკაცების საქმიანობისა და თავგანწირვის პატივსაცემად. არ გვავიწყდება და ჩვენს ყველა შეხვედრაზე ვიხსენებთ ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაღუპულ 32 ქართველ ჯარისკაცს,”- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.