დავით ზალკალიანი: მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთთან ავიამიმოსვლა მალე განახლდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე მხოლოდ მიესალმება იმას, თუ რუსეთთან ფრენები მალე განახლდება.

ამის შესახებ ზალკალიანმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო ამისთვის ყველანაირად მზად არის”, – განაცხადა ზალკანიანმა.

მისი თქმით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ პროცესი მალე განახლდება. ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ამის შესახებ მე განვაცხადე ასევე ნიუ იორკში შეხვედრაზე. რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება ეს არის ის მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს დეესკალაციას“, -განაცხადა ზალკანიანმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც გახდება ცხადი, რომ “აგრესიულ ჭრილში” დაბრუნება აღარ მოხდება. მისივე თქმით, ახლა საჭიროა “მოთმინებით ავივსოთ და ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამის მომენტს დაველოდოთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები