გიგა ბოკერია: ირმა ინაშვილის ყოფნა როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო, რათა „ლაივში“ ენახა, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის წევრთა შეხვედრაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილის მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი არის რუსეთის პროპაგანდა.
“ირმა ინაშვილის ყოფნა ნატო-ს გენმდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო, რათა „ლაივში“ ენახა, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა”, – აღნიშნავს ბოკერია.
მისივე შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე არის რუსეთი და ქვეყნის პარტნიორებმა სტრატეგიული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში.
„რაც მან ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. ნეიტრალიტეტი ხომ იგივეს ნიშნავს, რაც რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენას. ეს ხომ ყველას გვესმის. ჩვენი გზავნილი არის ორი – მთავარი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსი, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის არის რუსეთი, პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროება, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოში. მეორე არის ის საფრთხეები, რაც გველის არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.