არჩილ თალაკვაძე: მამუკა ხაზარაძის კომენტარი უადგილო და თანამედროვე პოლიტიკისათვის შეუსაბამოა
მამუკა ხაზარაძის კომენტარი უადგილო და თანამედროვე პოლიტიკისათვის შეუსაბამოა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილის შესახებ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
“ნამდვილად გამიჭირდება, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილმა ძალიან მშვიდად და სამართლიანად უპასუხა მას. ეს კომენტარი რა თქმა უნდა, იყო უადგილო და თანამედროვე პოლიტიკასთან არის შეუსაბამო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველო და ხელისუფლება კორუფციას არცერთ დონეზე არ შეეგუება.
„პარლამენტი პასუხისმგებელია, ზედამხედველობა განახორციელოს და პერიოდულად გადაამოწმოს არის თუ არა ქვეყანაში კორუფცია სისტემური პრობლემა. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც პარლამენტს აქვს, არის ის, რომ საქართველო და ხელისუფლება კორუფციას არც ერთ დონეზე არ შეეგუება და კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება უკომპრომისოდ“, – განაცხდა თალაკვაძემ.
“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა,” – ამის შესახებ გუშინ, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.