„საქართველოს სინფონიეტას “ და გერმანელი მუსიკოსის, ქრისტინე შორნსჰაიმის კონცერტი გაიმართება
7 ოქტომბერს, 19:30 საათზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (მისამართი: სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8) ფესტივალ “Perform ME”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ და მიუნჰენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი და კლავესინისტი ქრისტინე შორნსჰაიმი ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავენ.
როგორც „კვირას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეა მუქერიამ აცნობა, ქრისტინე შორნსჰაიმი, როგორც კლავესინისტი და პიანისტი უკვე მრავალი წელია მსმენელს თავისი შესრულებით ხიბლავს.
„მას მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო ფესტივალში, მათ შორის არის Klavierfestival Ruhr, Schwetzinger Festspiele, Europäisches Musikfest Stuttgart, ბახის საერთაშორისო ფესტივალი და სხვა. მას უთანამშრომლია ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: პიანისტი და კლავესინისტი – ანდრეას შტაიერი, ვიოლა და გამბისტი – ჰილ პერლი, ჩელისტი კრისტინ ფონ დერ გოლტცი, ფლეიტისტი მიხაელ შმიდტ-კასტორფი და სხვა მრავალი.
ქრისტინე შორნსჰაიმის უამრავ აუდიო და რადიოჩანაწერებს შორის უნდა გამოირჩეს 2012 წელს „Capriccio“-ს მიერ გაკეთებული ჩანაწერი ი.ს.ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირისა“, რომელიც მუსიკოსმა შეასრულა ანტვერპენელი ოსტატის, ანტონ რუკერსის ერთ-ერთ უიშვიათეს კლავესინზე, რომელიც 1624 წლით თარიღდება. 2005 წლის ი. ჰაიდნის სოლო საკლავირო ნაწარმოებების ჩანაწერს კი საფრანგეთში “Diapason d’Or”-ით დაჯილდოვდა, ხოლო გერმანიაში “ECHO Klassik”-ის და ჩანაწერების გერმანიის კრიტიკოსთა (Preis der Deutschen Schallplattenkritik) პრემია მიიღო. ამას გარდა, ქრისტინე შორნსჰაიმს ი.ს.ბახის „გოლდბერგის ვარიაციები“ და ვ.ა.მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები აქვს ჩაწერილი. ქრისტოფ ჰუნთგებურთთან (ფლეიტა) ერთად, მან პირველმა ჩაწერა ლ. ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები ფორტეპიანოსა და ფლეიტისათვის. 1999 წელს კი, კ.ფ.ე. ბახის, ვ. ფ. ბახისა და ი. კ. ბახის სამი კლავესინის კონცერტების ჩანაწერისთვის “ECHO Klassik”-ის ჯილდო დაიმსახურა.
მისი უახლესი კომპაქტ დისკი მოიცავს მოცარტის პერიოდის სიმღერებს (ტენორი – მარკუს შეფერი, Crystal Classics). მომავალი გამოცემა კი ი.ა.პ.შულცისა და კ. ფ.ე.ბახის ნაწარმოებების ჩანაწერს წარმოადგენს.
2002 წლიდან, ქრისტინე შორნსჰაიმი მიუნჰენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი (კლავესინის კლასი) და ვიცე პრეზიდენტი გახლავთ.
„საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ბაროკოს ორკესტრია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც ისტორიულ ინსტრუმენტებზე ავთენტურად ასრულებს ბაროკოს ეპოქის მუსიკას. 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ორკესტრმა დააარსა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება, სადაც უამრავი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის არიან: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“, ანსამბლი „ZEFIRO” და სხვები“, – აღნიშნავს თეა მუქერია.
ფესტივალი წელს 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს უამრავ სიახლეს ჰპირდება. ვიდრე ბაროკოს ფესტივალი დაიწყება, ორკესტრი ბაროკოს მუსიკის კონცერტს სწორედ 7 ოქტომბერს გამართავს და გერმანელ სტუმართან ერთად ჩარლზ ეივისონის, გეორგ ფილიპ ტელემანის, იოჰან სებასტიან ბახის, გეორგ ბიომისა და ანტუან ფორკიურის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.