მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, 25 ივნისს აღსანიშნავი – მეზღვაურის საერთაშორისო დღის ფარგლებში, მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, შორეული ნაოსნობის პრაქტიკოსი მეზღვაურები, რომლებმაც მომავალ აბიტურიენტებს მეზღვაურის პროფესიის თავისებურებების, კარიერული შესაძლებლობებისა და საზღვაო სფეროში დასაქმების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
მეზღვაურის დღის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული აქტივობები გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვისაც.
კადეტებმა ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. მათ რეალურ სამუშაო გარემოში დაათვალიერეს გემის სანავიგაციო ხიდი, თანამედროვე სანავიგაციო-საკომუნიკაციო სისტემები, მთავარი და დამხმარე ძრავების განყოფილება, უსაფრთხოების სისტემები და გაეცნენ ეკიპაჟის საქმიანობის სპეციფიკას”, – წერია ინფორმაციაში.