უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
უწყების ცნობით, დარტყმის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი ერთ-ერთი ტექნოლოგიური დანადგარი.
„ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა დარტყმა, რასაც მოჰყვა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა AVT-6 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნიბისთვის, ეს „ლუკოილის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, სიმძლავრით მეოთხე რუსეთში და ბენზინის წარმოებით მეორე ადგილზე ქვეყანაში. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება და 5 მილიონი ტონა ბენზინის წარმოება შეუძლია.
რუსული გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა, სამი ათეული დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა 24 ივნისს უკვე განხორციელდა. „როიტერის“ წყაროების ცნობით, ნავთობგადამუშავება შემდგომში შეჩერდა AVT-5 პირველადი გადამუშავების ბლოკის დაზიანების გამო, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენს.
ამავდროულად, „როიტერის“ ცნობით, ქარხანა დაზიანებული ბლოკის გარეშე მუშაობას და დარჩენილი ობიექტების სიმძლავრის გაზრდას გეგმავდა.