ვახტანგ გომელაური: საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეტა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ “დიოსკურიაზე” უმასპინძლა და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.
“ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტმიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული “აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელ შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა .
სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის საპატრულო ხომალდი “ოჩამჩირეც” მოინახულეს. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა გემის დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს.
მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატო-სთან ერთად გაიარეს წვრთნები. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა ჟურნალისტებთან.