არჩილ თალაკვაძე: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან და დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში, გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღემდე რჩება ჩვენთვის გამოწვევად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, გულისხმობს სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს და ქმნის მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი, დემოკრატიის გაძლიერების უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნის და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები