ესმა გუმბერიძემ გაეროს ტრიბუნიდან რუს დელეგატს შეახსენა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ესმა გუმბერიძემ 74-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე და იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
რუსი დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.