დაბა კაზრეთთან, მაშავერასთან მდებარე გამოქვაბულებში არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

დაბა კაზრეთთან, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამოქვაბულები (ე.წ. ორთვალა გამოქვაბულები) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური კომისიის წევრებმა მოინახულეს. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე წერს ფეისბუქის გვერდზე.
„დაბა კაზრეთთან, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე არსებული გამოქვაბულები (ე.წ. ორთვალა გამოქვაბულები) არქეოლოგიურად დაზვერილი იყო 1957 წელს, არქეოლოგ გურამ გრიგოლიას მიერ. მას მერე ამ ობიექტზე კვლევა-ძიება არ ჩატარებულა.
2018 წელს დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრები, წელსაც გავაგრძელეთ. აღმოჩენამაც დიდხანს არ გვალოდინა.
აღმოჩნდა ადრე შუასაუკუნეების ნატაძრალი. ასევე ფიქსირდება სხვადასხვა პერიოდის ადამიანის სადგომის ნაშთები. ასევე აღმოჩენილია ე.წ. სტელას ბაზისი ასომთავრული წარწერის ნაშთებით, რომელიც თარიღდება ა.წ. მე 6 საუკუნით.
დღეს ობიექტი სააგენტოს არქეოლოგიური კომისიის წევრებმა მონახულეს, მათ შორის იყვნენ ამ ძეგლის აღმომჩენი ბატონი გურამ გრიგოლია და კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ჯაფარიძე.
სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოს კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.
არქეოლოგიურ კვლევას ახორციელებს დავით ბერიკაშვილი“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები