მაია ცქიტიშვილი: მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს
მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მასზე გაკეთებულ განცხადებას.
“დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო იქნება ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებებს. ისწავლონ საქმე, რაც მათ უყვართ, მიხედონ თავიანთ ოჯახს და რა თქმა უნდა ქვეყანას. დღეს, ქვეყანაში გაჩერებული არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის ანაკლიის პორტი. ეს პროექტი თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი, უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ თუ რატომ არის დაგვიანებული ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის,” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა,” – ამის შესახებ დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.