როუზ გოტმიოლერი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე რუსეთის პოზიციას პასუხობს: თქვენთან ერთად ვართ ამ მიზნების მისაღწევად
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველოს აქვს უფლება შეარჩიოს ევროატლანტიკური გზა.
ამის შესახებ გოტმიოლერმა საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ ის არ შეეგუება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ასევე მის საზვღრებთან ალიანსის გაძლიერებას, რუსეთის ასეთი ხისტი პოზიცია ხომ არ შეუქმნის ბარიერებსა საქართველოსთვის ინტეგრაციის გზაზე, ალიანსის გენმდივნის მოადგილემ თქვა, რომ რუსეთის მსგავსი პოზიცია სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.
“არ არსებობს კითხვა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ვინმესთვის სიახლე არ გახლავთ. მაგრამ, ეს ნატოს პოზიციასთან კავშირში არ არის. ნატო ერთგულია იმ ხედვის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რაც ძალაშია ბუქარესტის 2008 წლის სამიტიდან, ეს არის ჩვენი ლიდერების განცხადების ნაწილი, რომელიც გასულ წელს ბრიუსელში გაჟღერდა და გახლავთ ერთობლივი განცხადების ნაწილი. ნატო მხარს უჭერს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორია ქვეყანა, დიდია ის თუ არა, თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების სქემა. აქ მთავრდება ყველაფერი. ეს არის ნატოს თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პრინციპი. საქართველოს აქვს უფლება შეარჩიოს ევროატლანტიკური გზა. ნატოს სურვილი აქვს იმუშაოს თქვენთან და მოხარულები ვიქნებით, ბიძგი მოგვცეთ ამ გზაზე. თქვენთან ერთად ვართ ამ მიზნების მისაღწევად”,- განაცხადა გოტმიოლერმა.