“ევროპული საქართველო” პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს
“ევროპული საქართველო” საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მისვლას ითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მინისტრი ვალდებულია უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.
“ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას “ქართული ოცნების” აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და ჯიბეში მათ ნაკლები ფული დაუტოვა. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას. ამიტომ, “ევროპული საქართველო” პარლამენტში, საფინანსო კომიტეტზე იბარებს ფინანსთა მინისტრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს ყველა ჩამოთვლილ საკითხს, რომელიც “ევროპული საქართველოს” წერილშია დაფიქსირებული“, – განმარტა ჭიაბერაშვილმა.