დეპუტატ შოთა შალელაშვილს პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის

პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი ცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“შოთა შალელაშვილმა დატოვა პარლამენტის პოზიცია მოქმედი კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად. სიით შემდგომი პიროვნება იკავებს საქართველოს პარლამენტში ადგილს. უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით, სასესიო სხდომაზე პირველივე საკითხად შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ბატონ ლევანს ეყრება კენჭი, იმისათვის რომ მან დაიკავოს საქართველოს პარლამენტის წევრის პოზიცია”, – განმარტა მაჭარაშვილმა.

პარლამენტიდან შოთა შალელაშვილის წასვლას გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელიაც, მისი თქმით შაველაშვილი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

“გამიკვირდა და მოულოდნელიც იყო. არ ვიცი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო თუ მისი პერსონალური გამოხატულების გამომხატველი. ვერ გეტყვით, მაგრამ გულდასაწყვეტი არის. მისი კრიტიკული განცხადებები გვახსოვს. სხვათა შორის პირველი იყო უმრავლესობიდან, ვინც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა იმ არასწორი მართვის გამო და არასწორი პროცესის გამო, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იყო მიმართული”, – აღნიშნა ბესელიამ.

შოთა შალელაშვილმა საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ თავად მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები