საქართველოში გიორგი კიკნაძის კვარტეტის ჯაზკონცერტები გაიმართება
გიორგი კიკნაძის კვარტეტი paysage საქართველოში ჯაზკონცერტების სერიას მართავს.
10 ოქტომბერი – ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი, 19:00 სთ;
12 ოქტომბერი – თელავი, თელავის თეატრი, 19:00 სთ;
14 ოქტომბერი – თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
კვარტეტის წევრები არიან: გიორგი კიკნაძე – კონტრაბასი, კომპოზიტორი; ფრანკ დელე – საქსოფონი; ლუკას კლაპი – როიალი; კონრად ულრიხი – დასარტყამი.
„გიორგის სადებიუტო ალბომი „paysage“, რომელიც მან თავისი დიდი ხნის კოლეგებთან და მეგობრებთან, საქსოფონისტ ფრანკ დელესთან, პიანისტ ლუკას კლაპთან და დრამერ კონრად ულრიხთან ერთად ჩაწერა, სავსეა მიძღვნებით; ერთი მხრივ, მათდამი, ვინც მისი თაყვანისცემის და აღტაცების ღირსნი გამხდარან, როგორც კომპოზიტორი ალბან ბერგი ან პისტოლიერო უაილდ ბილ ჰიკოკი, მეორე მხრივ კი მათდამი, ვინც უყვარს და ვისაც მასზე ზეგავლენა ჰქონია; ადამიანებისადმი, რომელნიც ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნებ ორი სამყაროდანაც კი არიან, რომელთაგან ორივე თანაბრად მიაჩნია თავისად; თავისი ოჯახისადმი საქართველოში, მაგრამ, ასევე, საკუთარი ახალი ოჯახისადმი გერმანიაში; მეგობრებისადმი ორივე ქვეყნიდან, რომელნიც ალბათ ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გიორგი კიკნაძე, ქართველი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, საქართველოში დაიბადა და გერმანიაში მოღვაწეობს. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიის ქალაქ ლიუბეკში წლების წინ გადავიდა, დაამთავრა ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი. ის ქართველი კომპოზიტორის, რეზო კიკნაძის შვილია.
მუსიკოსი ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე, ანა-ლენა შნაბელის და გაბრიელ კობურგერის ბენდების წევრია, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვა.
Paysage კონცერტების სერიის ორგანიზატორია Kavkazz Jazz.
კონცერტების სერია ტარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. პარტნიორები: Mercury Hotel და Ibis Styles Tbilisi Center.