ზაზა ჩინჩალაძის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

ზაზა ჩინჩალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი საჩხერის რაიონულ სასამართლოში ხვალამდე გადაიდო. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ საქმეზე მოწმეები სწორედ ხვალ დაიკითხებიან.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ზაზა ჩინჩალაძე მედიასთან განმარტებებს აკეთებს და კვლავ უარყოფს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ცემის ფაქტს უარყოფენ ოჯახის წევრებიც.

ცნობისთვის, დღეს დილით ჭიათურის მაღაროს ტერიტორიაზე ერთ-ერთ მუშასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ზაზა ჩინჩალაძე დააკავეს. შსს-ის განცხადებით, მაღაროელი პოლიციელისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ზაზა ჩინჩალაძე სასამართლოს დაწყებამდე “რეგიონულ კვირასთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“უბრალოდ, პატარა გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი კარგად არის ახლა. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. დაახლოებით 11-12 საათისთვის მოხდა ინციდენტი, თუ არ ვცდები. რაღაც დაიკარგა სამსახურში და იმას ვეძებდით, ვარკვევდით რა და როგორ მოხდა და მაგ დროს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, მეტი არაფერი”, – ამბობს ზაზა ჩინჩალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები