რუსკა თევზაძე: რუსთავის მე-5 სკოლაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელი და საგანგაშოა
რუსთავის მე-5 სკოლაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელი და საგანგაშოა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსკა თევზაძე წერს.
“მისასალმებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში კარგი და არსებითად მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, განსაკუთრებით „ახალი სკოლის“ მოდელის ფორმირების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, სკოლის ერთიანი და მოსწავლეზე ორიენტირებული ორგანიზმის ჩამოყალიბებას.
თუმცა, რუსთავის სკოლაში დაფიქსირებულმა ფაქტმა და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სამწუხაროდ, ზოგადი განათლების ინსტიტუციაში (სკოლაში) საქმე არც ისე კარგადაა და რიგ შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაცაა, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და კორპორატიულ ეთიკასთან მიმართებაში.
აქ საქმე გვაქვს კომპლექსურ გარემოებასთან. სკოლის საზოგადოების ყველა წევრი დაწყებული ადმინისტრაციით თუ პედაგოგით და დამთავრებული მოსწავლითა თუ მშობლით ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, გამოირჩეოდეს შემრიგებლური სოციალური უნარებით, რომ კიდევ უფრო მეტად არ გააღვივოს ისედაც მტკივნეული და ფეთქებადი პრობლემა და ხელი შეუწყოს რუსთავის კონკრეტულ შემთხვევაში, სკოლისა და მისი თითოეული წევრის უსაფრთხოებას.
ამდენად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად განათლების სისტემამ მიზნად უნდა დაისახოს მშობლების ერთგვარი გადამზადებისა და მომზადების პროგრამების შემუშავება-განხორციელება, რომელიც სკოლის სტაბილური, ჰარმონიული და მომავალზე ორიენტირებული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – წერს თევზაძე.