“მნიშვნელოვანია, რომ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებები მთავარი პარტნიორების – ევროკავშირისა და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს”

რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და მთავარი დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
“კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და მთავარი დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები დეოკუპაციაზე მიმდინარეობდეს მთავარი პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. რუსეთს იმის საშუალება და საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ მათ უთხრას, ქართველებთან ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს და ამიტომ ჟენევა, ამერიკელები და ევროპელები საჭირო აღარ არიან. ეს არის მთავარი საფრთხე და ამის თაობაზე ვითხოვთ განმარტებებს დავით ზალკალიანისგან, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სწორ ფორმატში აუცილებელია, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს. რუსეთის მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, პესკოვის განცხადებებიც ამას ადასტურებს”, – განმარტა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები