კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაიმართება
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას ბაღში, კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმ „ამოკის“ ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მუსიკალურ ნაწილზე ვაჟა მარიმ და გიო კუჭუხიძემ იმუშავეს. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და „არტარეა“ ერთობლივად წარმოადგენენ.
„ამოკი“ უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაციაა ქართულ კინოში. ფილმი შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით შეიქმნა, მთავარ როლში ქართული კინოს ვარსკვლავის – ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.
„ამოკი“ სამშობლოს რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტის – „კინომემკვიდრეობის დაცვის“ ფარგლებში დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნულ არქივში მოხდა საწყისი მასალების სკანირება მაღალი გარჩევადობით, ფილმის ციფრულ რესტავრაციაზე კი კინორეჟისორმა გიორგი კაკაბაძემ იმუშავა.
ღონისძიება ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში იმართება.
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი # 73.