“ყველა რეიტინგით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და ამას არ ითვალისწინებენ, ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
ის ევროპარლამენტის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ გზავნილს ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ, მოთხოვნილი რეფორმების გარეშე, საქართველოს და თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი ვერ ექნება.
“უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა – ყველაზე უფრო ავტორიტეტული, დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს – რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ. ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა”, – აცხადებს მაჭავარიანი.