რატომ დააკავეს და ვინ არის ადვოკატი, რომელსაც მოკლული გოგონას მამა გარდაცვლილის შეურაცხყოფას ედავებოდა

ადვოკატი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ ცრუ დასმენისთვის დააკავეს, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველი, ნაირა ოტიაშვილია.

მას ბრალი ანგარებით, ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ​ედება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. ნაირა ოტიაშვილს შეურაცხმყოფელი და ცრუ ბრალდებების გამო ასევე ედავება მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა. მამუკა ნაცვლიშვილიმა რამდენიმე თვის წინ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კონკრეტულად კი საჩივრის მიზეზი გახდა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებსაც მსჯავრდებულის უფლებადამცველი მოკლულის მისამართით აკეთებდა. კერძოდ, ნაირა ოტიაშვილი ანა ნაცვლიშვილსა და სხვა პირს შორის ურთიერთობაზე საუბრობდა.

მოკლულის მამის, მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის მსგავსი შინაარსის განცხადების მოსმენა ძალიან მძიმე იყო, რისთვისაც მსჯავრდებულის ადვოკატმა პასუხი უნდა აგოს.

“განაჩენს ველოდები და მერე მინდა ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ვუჩივლო. ჩემი შვილის ცხედარი გაცივებული არ იყო, სახლში მესვენა, როცა განაცხადა, „ბე-ემ-ვეში“ ვიღაც უცხო მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირშიო. პირადი შეურაცხყოფის გამო მან პასუხი უნდა აგოს! ის ადვოკატთა ასაოციაციაშიც გააფრთხილეს, მაგრამ არ გაჩერდა, ისევ სისულელეებს საუბრობს. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან ძნელია“, – აცხადებდა მამუკა ნაცვლიშვილი.

ნაირა ოტიაშვილს აღნიშნული განცხადებების გამო ედავებოდნენ ადვოკატებიც. მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარი დავით ასათიანი აღნიშნავდა, რომ მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია. ოტიაშვილი კი ამბობდა, რომ მისი მხრიდან ძალიან კორექტულად იყო ნათქვამი საქმის მასალების დეტალები, რაც არ არის პირადი ცხოვრების გაჟღერება.

“ეს არ იყო პირადი ცხოვრების გაჟღერება, ეს იყო საქმის მასალიდან ძალიან, ძალიან კორექტულად ნათქვამი ფრაზა. მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტიცაა, მაგრამ ძალიან კორექტულად გავაჟღერე, მეტი არაფრის თქმა შემიძლია“, – აცხადებდა ნაირა ოტიაშვილი.

2018 წლის 22 თებერვალს თემქაზე ანა ნაცვლიშვილი კორპუსის უკან ყელგამოჭრილი იპოვეს, სამართალდამცავებმა მკვლელობაზე მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები