ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსმა დიპლომატებმა მოინახულეს

რუსმა დიპლომატებმა ბერლინის წინასწარი დაკავების იზოლატორში “ვადიმ სოკოლოვი” მოინახულეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel Online და Zeit Online ავრცელებენ.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ დიპლომატები ეჭვმიტანილთან რუსულ ენაზე, პირისპირ საუბრობდნენ. თუმცა უცნობია რა განიხილებოდა ამ შეხვედრაზე.

დიპლომატების მიერ ეჭვმიტანილის მონახულების პროცედურა ვენის კონვენციით არის დაშვებული, თუმცა რუსეთის ასეთი ,,სწრაფი და ინტენსიური” რეაქცია ორივე გამოცემისთვის უჩვეულოა. Spiegel Online და Zeit Online ასევე აღნიშნავენ, რომ იარაღის წარმოშობა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მომხდართან კავშირი აქვს რუსეთს.

მკვლელმა პისტოლეტი Glock გამოიყენა, რომელიც 1986 წელს ავსტრიიდან ესტონეთში გაიყიდა. მოგვიანებით იარაღის ლულა გამოცვალეს, რაც სავარაუდოდ კვალის არევის მცდელობას უკავშირდება. „შპიგელის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი ვარშავაში, ბერლინში გამგზავრებამდე, თანამზრახველებმა გადასცეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს. თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა, მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა და მიმალვა სცადა. 49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.

Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ხანგოშვილი შესაძლოა მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე, გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“. – აღნიშნავს Der Spiegel.

DW-მ კი დაწერა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.

ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები