სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა
სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სამუშაო და ოფიციალურ შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა პრიორიტეტებს შორის ორ უმთავრეს თემაზე გაამახვილა ყურადღება – საქართველოში არსებული კონფლიქტი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ქართული მხარის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მიერ სადამკვირვებლო მანდატის განხორციელება არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზზე, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, ჟენევის ფორმატი დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს – მაღალ პოლიტიკურ დონეს, სადაც განხილული იქნება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების მიერ ორმხრივი შეხვედრების შემდეგ გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით, ნიშანია იმისა, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიერ დასმული საკითხები უკეთაა გაგებული და საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგს უბრუნდება.
ზურაბიშვილის განმარტებით, მისი ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაც იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში იმ შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გაიმართა და მნიშვნელოვანი შეფასება მისცა ებრაელთა საერთაშორისო მსხვილ ორგანიზაციებთან და აშშ-ს კულტურულ ინსტიტუტებთან – მეტროპოლიტენ ოპერისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელებთან შეხვედრას.
,,ჩვენი სურვილია, რომ რომელიმე ქართული ოპერა დაიდგას მეტროპოლიტენ ოპერაში, რათა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველო თავისი კულტურით უფრო აქტიურად იყოს წარმოჩენილი. შევთანხმდით იმაზე, რომ უკვე გაზაფხულზე ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და გაეცნობა ჩვენს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან შეხვედრისას, მას გავაცანით მოსაზრება, რომ საქართველოს ოციანი წლების ავანგარდი, როგორც ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ძალიან ევროპული მიმართულება იყოს აქ წარმოდგენილი. შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და განიხილავს ამ თემას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.