სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, რომ საქართველომ რუსეთთან არ სცადოს დიალოგი და იყოს თავის თავში ჩაკეტილი
“ჩვენ მარტო ერთი ერთზე არ ვართ და არასდროს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ ის, რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში და გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ, სწორი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას, ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
„თუ ჩემი სიტყვა მოისმინეთ, იქ არის ძალიან ნათლად ნათქვამი, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, აქვს ორი გზა: ერთია ომისა და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგისა და დიპლომატიის გზა. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, რეაქციები, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ, იქნება ეს ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ევროკავშირის, მოგერინის უწყებიდან, ან კიდევ გენერალური მდივნისგან – ყველა გამოხმაურება, იყო დადებითი, იყო პოზიტიური, თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოში რუსოფობიული განწყობები არ არის, თუმცა საქართველო-რუსეთს შორის არსებობს პოლიტიკური დაძაბულობა.
„ რუსოფობიული განწყობა არ არსებობს საქართველოში და არც არასდროს არსებობდა. ეს აქ ერთ-ერთი ჩემი თემა იყო, ყველგან, სადაც გამოვდივარ, ვამბობ, რომ ეს ჩვენი შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა. სხვათა შორის, ამის მაგალითია, რომ 1 500 000 რუსი ტურისტი შარშან ჩამოვიდა და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარად არსებობს ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ტერიტორია ოკუპირებულია? ამაზე საჭიროა მუშაობა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.